ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ 27 აგვისტოს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სავარაუდოდ 27 აგვისტოს, ოთხშაბათს, გამოაცხადებს განაჩენს პროევროული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ დასკვნითი სიტყვა თქვა. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს იმ დროს, როდესაც სამსახურში მიდოდა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდო.

ადვოკატის თქმით, ჩეჩინი პირველად 18 ნოემბერს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მის მიმართ იყო მუქარა, რომ შეეწყვიტა აქციაზე სიარული.

„ამის შემდგომ კი ის 3 დეკემბერს კვლავ დააკავეს, უკვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით. დაკავებისას ანტონ ჩეჩინი ავტომობილში მოათავსეს, რის შემდეგაც მის მიმართ დაიწყო ფიზიკური ძალადობა. ადგილი ჰქონდა საუბარს, რომ ჰყიდის ნარკოტიკულ საშუალებას და წამლავს ქართველ ახალგაზრდობას. რეალურად, მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდეგ ისევ ჩაცმა. ამის მერე ხდება მისი ქურთუკიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება“, - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ჩხრეკაში 6-8 პოლიციელი მონაწილეობდა.

გიორგი ჩხეიძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში ჩეჩინი თითქმის სრულად გააშიშვლეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელთათმნიანი ხელით პირის ღრუ შეუმოწმა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ გზით ბიოლოგიური ნიმუშის მოიპოვეს და ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე გადაიტანეს.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ჩხრეკის სანდოობას. გიორგი ჩხეიძის თქმით, სათარჯიმნო ბიუროს, შპს „ინტელექტ მარკეტის“ თანამშრომელი შორენა ტაბატაძე „ნეიტრალურ მოწმედ“ ვერ ჩაითვლება.

„ბრალდების მხარის ვერსია თავიდანვე ცხადი იყო და დასკვნით სიტყვაშიც გაჟღერდა, თითქოს, თარჯიმანი შეიძლება იყოს ნეიტრალური მოწმე, თუმცა ამ შემთხევვაში თავად შორენა ტაბატაძის ჩვენება ცხადყოფს, რომ ის ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ პირად. საუბარია იმაზე, რომ 2019 წლიდან ეს ქალბატონი თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებთან და ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ იცნობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თითქმის ყველა გამომძიებელს, თითქმის ყველა დეტექტივს და მათთან ერთად არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში. მილიონ-ნახევარი ლარი აქვს აღებული მის კომპანიას ბოლო 6 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან. გამოდის, რომ სახელმწიფო უხდის ხელფასს ქალბატონ შორენა ტაბატაძეს“, - აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

ანტონ ჩეჩინი საქმის განხილვის დროს ამბობდა, რომ თარჯიმანი ნარკოტიკების ამოღების მომენტს არ შესწრებია და მხოლოდ მას შემდეგ ჩაჯდა პოლიციის ავტომობილში, როდესაც პოლიციელებმა მისი ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ შორენა ტაბატაძე ფიგურირებს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის კიდევ ორი მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეებშიც.

26 წლის ანტონ ჩეჩინი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდან არის. როგორც თავად ამბობს, რუსეთში აქტიურად იყო ჩართული ანტისამთავრობო აქციებში და მხარს უჭერდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პარტიას. ის საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქე მანანა სამხარაძეზე იქორწინა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.