არ აღიარებენ, წავლენ ციხეში - კობახიძე ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე

მამუკა ხაზარაძის დაკავება / „პუბლიკას“ ფოტო

„როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს  აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს - სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. ...ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ  იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, - თქვა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია არ აღირებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გარდა, ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დაბარებულებიდან არ გამოცხადდა არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დანაშაულია და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ე.წ. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ პროკურატურამ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე, „ლელო - ძლიერი“ საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილ წევრს გივი თარგამაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარუდგინა. თავდაპირველად მათ გირაო შეუფარდეს, რაც ოქრუაშვილმა, ჯაფარიძემ, მელიამ და გვარამიამ არ გადაიხადეს.

14 მაისს სასამართლოს სხდომის დარბაზში დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, 22 მაისს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე 30 მაისს უნდა ემსჯელა. პოლიციამ მელია წინა დღეს დააკავა. მელია ამბობს, რომ გაიტაცეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, თითქოს მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 30 მაისს შეეფარდა. 13 ივნისს დააპატიმრეს ნიკა გვარამიაც. სასამართლო სხდომას ის არ დაესწრო და განჩინების გამოცხადების შემდეგ თავად მივიდა რუსთავის ციხის შესასვლელთან.

სასჯელის სახით უკვე მიუსაჯეს 7 თვიანი პატიმრობა ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ვაშაძე განაჩენის აღსრულების მიზნით 24 ივნისს დააპატიმრეს. 8 თვით დააპატიმრეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს / მარიამ ნიკურაძის ფოტო

ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გივი თარგამაძის მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია.

გახარია, ხაზარაძე და გვარამია ხელმეორედ არიან დაბარებული ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გახარია 23 ივნისს უნდა გამოეკითხათ ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და დისტანციურად ჩართვა ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. ე.წ. საგამოძიებო კომისიამ გახარია განმეორებით 2 ივლისისთვის დაიბარა. მანამდე, გამოუცხადებლობისთვის მისი საქმე პროკურატურას არ გადასცეს. წულუკიანის კომისიამ სხდომაში ონლაინჩართვით მონაწილეობა 30 ივნისისთვის მოსთხოვა პატიმრობაში მყოფ ხაზარაძეს და გვარამიას, რასაც არცერთი მათგანი არ აპირებს. „თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე“, - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.