„არ დავდუმდები“ – მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში დაბარებაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით ეპარქიის კომისიაზეა დაბარებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საპატიო მიზეზის გარეშე ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა არის დისციპლინარული გადაცდომა“, – დაწერა Facebook-ზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან არქიმანდრიტის დაბარება ორი დღის წინ დააანონსა, როდესაც სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „იმედის“  გადაცემას ინტერვიუ მისცა. „იმედის კვირამ“ სასულიერო პირის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, სათაურით - „რადიკალიზმის მსახური“.

„ადამიანები შევარდნენ პრეზიდენტის სასახლეში, გაუგონარი ამბავია და აღმოჩნდა, რომ ვანგარდში, ვინც მოუწოდებდა ხალხს აქ გამოდითო, ჩვენი სასულიერო პირია, ეკლესიის წარმომადგენელი. ძალიან უხერხული სიტუაციაა. ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, მათ შორის, დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა და მივიდა იქ. დაიჭირეს ახლა ეს ხალხი. ვინ არის პასუხიმგებელი?!“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა შესაძლო საეკლესიო სასჯელი ახსენა. „როგორი იქნება კომისიის დასკვნა, არ ვიცი, მაგრამ კომისია იქნება“, - აღნიშნა მან.

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, მას ზნეობრივ კომისიაზე იბარებენ, რომელსაც მისი განცხადებების განხილვის უფლება არ აქვს. ის კომისიაში მისვლას არ აპირებს.

„იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია არის, არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პირიდაპირ არის დაპირისპირებული, ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია.

ჩემი საჯარო განცხადებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა ანდრია ჯაღმაიძემ. მე მაგის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.

მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს ვუცხადებ ჭეშმარიტებას და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ.

ძალიან უნდა მამა ანდრიას რომ გავჩუმდე, მაგრამ ვერ გამაჩუმებს. უნდა ბიძინა და მთავრობა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები.

დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდას, როცას იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მიდი და გააკეთეო. მეც იგივეს ვეტყვი - მიდი და გააკეთე, რაც ჩაიფიქრე“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“.

ის საპატრიარქოში 16 სექტემბერსაც იყო დაბარებული. არქიმანდრიტს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პასუხი დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა და დეკანოზი იოანე გორელიშვილმა მოსთხოვეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.