„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში, გამოვდივარ სიტყვით და ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისადმი არის: „ნუ დაკარგავთ იმედს“.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და საოცარი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვებისა და კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად. როგორც კი ხელისუფლება გამოხატავს ჩვენთან მუშაობის ნებას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ ამ განცხადებას საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
„როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
„შეუძლებელია ამის შეფასება. მე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონი ელჩი არის, სამწუხაროდ, ტრაგიკულ მდგომარეობაში. როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე.
მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ან განვითარდება ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება, მისი შეხედულებით, არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება.
როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს, უბრალოდ, შეფასებასაც კი არ იმსახურებს. ეს მართლაც ტრაგიკულია.
ელჩი რას ამბობს - უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე - სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. ემუქრება ხალხს, მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა და რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი“, - თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, მაშინ როცა საუბარია ელჩის დაბარების პოლიტიკაზე, მუქარა ასევე ჩანდა საქართველოში ირანის ელჩის განცხადებაში, კობახიძე პასუხობს, რომ „სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ - მუქარა სამოქალაქო ომით, გაღარიბებით“.

„ეს არის, უბრალოდ, სამარცხვინო როდესაც ამას ამბობს. ჩემი აღქმით კი არა, ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ჯერ ჩაეკითხეთ, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე?
ჰერჩინსკის როგორ მიჰყავს ქვეყანა ომამდე? ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა? ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა ოთხი წლის განმავლობაში.
ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ, პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოაბრუნეთ „ნაცებიო“. ანუ ქართველ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9- წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ითხოვს. კალაძის თქმით, მასთან „კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას“.
„ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმეა. თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად, ვიღაცები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე. დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.
პირველი რაც უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას. საქართველოს არ გადაუხვევია, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სუვერენული. თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს. ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.
