„არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რა ხდებოდა“ - ჩაჩიბაია პროკურატურაში გამოკითხეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოიკითხა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ჩორჩანასთან დაკავშირებით რა ხდებოდა“, არ იცოდა.

„რომ ვიყო ობიექტური და არ მოგატყუოთ, არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რა ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს, სამსახურში როდესაც მივედი, დილის 9 საათზე. მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა. ქართული შაგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია და სულ ეს იყო. ეს პროცესი როდის დაიწყო ზუსტად არ ვიცი - ღამე იყო, საღამო იყო... დილით რომ მივედი  ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, საკითხით დაინტერესდნენ და თავდაცვის ძალებში „შესაბამისი ღონისძიებები“ გაატარეს, საგუშაგოს აღმართვის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს:

„ეს არ იყო, რა თქმა უნდა, საბრძოლოში მოყვანის რაღაც განკარგულებები, თუმცა, ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი, მაქსიმალური ყურადღება რომ ყოფილიყო ქვედანაყოფებში რამე ინციდენტის შემთხვევაში, მთავრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შემთხვევაში რომ მზად ვყოფილიყავით რეაგირებისთვის.

როდესაც საგუშაგოები აღიმართა, მე არ ვიცი, იქ რა ფორმით იყო ეს, ქვიშის ტომრები იყო დალაგებული თუ ინდივიდები უკვე იდგნენ საგუშაგოზე მაგრამ, საკითხი იდგა შემდეგში, რომ საგუშაგო საგუშაგოსთან რომ დაკავშირებოდა, საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაბამისად, ჩვენ აღმოვუჩინეთ ეს მხარდაჭერა შსს-ს იმ პერიოდში და მივაწოდეთ ის საშუალებები, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა. ეს გულისხმობს იმ, დავუშვათ, მატერიალურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გზის მიყვანას ობიექტამდე“.

შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო საგუშაგოს აგება, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ არ იცის, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

“ამ ყველაფრის უკან რა იდგა, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც იძიებს ამ საკითხს“, - თქვა ჩაჩიბიამ და დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას ენდობა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ფიქრობს, თუ არა, რომ პრობლემა იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს დადგმა.

„ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ საკითხს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია. ინფორმაცია, რაც მაქვს, ტერიტორიები დაიკარგა. დანარჩენი მე არ ვიცი, იმის მიღმა რა ხდება, არ ვიცი“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, გიორგი გახარიას სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს თვითნებურად გახსნასა და ახალი ომი საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ.

თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედმა ე.წ. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ საკითხზე გახარია ორჯერ გამოკითხა. კომისიის წევრების განცხადებით, საგუშაგოს გახსნის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავეს.

როგორც გახარიამ განაცხადა, საგუშაგოს გახსნის გეგმა შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის უწყებასთან, მათ შორის, საქმის კურსში იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი თქმით, საგუშაგოს გახსნის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირების აღდგენა იყო.

ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, გენერალურ პროკურატურაში  მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, „დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე“.

ამ გამოძიების ფარგლებში, ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები გამოიკითხნენ. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, მისთვის „ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.