არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული აქციების მონაწილე არჩილ მუსელიანცს, რომელსაც პროკურატურა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფოსთვის 534 ლარის ზიანის მიყენებას ედავებოდა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გადაწყვეტილება არ არის კეთილსინდისიერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შედეგი, რომ ყველას, ვინც აქციაზე იყო და დაჭერილი ჰყავთ, გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა არჩილ მუსელიანცის დედობილმა, ცარო ოშაყმაშვილმა და პატიმრის მიერ დაწერილი წერილი წაიკითხა:

„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ, რადგან ვიცი, რომ მომისჯიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირწონედ ქვეყანაა და მისი მომავალი.

6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი, რადგან სამშობლოა ჩემთვის ღირსება.

ერთს გთხოვთ მხოლოდ: იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებით, თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა. და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ!

მიყვარხართ თითოეული თქვენგანი. მეამაყებით. გაუფრთხილდით და გიყვარდეთ ერთმანეთი. სამშობლო ხომ სიყვარულია?! სამშობლო თითეოული თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე. იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო!“.

დღეს, 22 აგვისტოს გამართულ სხომაზე, ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა დასკვნითი სიტყვა თქვა. მისი განცხადებით, Postv-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობოდა, დამონტაჟებულია.

„ვიდეომასალაში ჩანს ძალიან ბევრი ჭრა, გადაბმა, გარემოებები არის დამახინჯებული. ჩანს არაიდენტიფიცირებული პიროვნება, რომელიც ცდილობს, ცეცხლი წაუკიდოს. ცეცხლის წაკიდების ფაქტი არ ჩანს ვიდეოკადრებზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ დანაშაული ჩაიდინა თუნდაც იმ პიროვნებამ, ვინც ვიდეოკადრებზე ჩანს“, - ამბობდა ადვოკატი.

29 წლის არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

არჩილ მუსელიანცი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც ის ამბობს, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.