ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პროცესების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა გამოეხმაურა. არძინბას თქმით, აფხაზური ოპოზიციის ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და „გაურკვეველია, ვის და რის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 4 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 5 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 6 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
არძინბას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი „ჩვეულებისამებრ, თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით“.
„აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებას და ეროვნულ ინტერესებს. აფხაზეთის ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში - ჩვენი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით.
ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის და რის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი,რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ზოგადად, ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე.
ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, არის 100%-ით ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება.
აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს ექსკლუზიურად აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ არ ვიცით, და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს მიწაზე წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური ფიგურის სოლიდარობა ინგურის მეორე მხარეს“, - განაცხადა ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
15 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“ და საქართველოს ხელისუფლებისადმი მის მოთხოვნას, დასთანხმდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას.
„ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები პარასკევს დაიწყო. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს რუსეთთან გაფორმებულ ე.წ. საინვესტიციო შეთანმხებას, რომლის რატიფიცირებას დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავდა. სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას და ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების“ დანიშვნას ითხოვენ.