აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და „ქართული ოცნების“ მთავრობას „ანტიამერიკული მთავრობა“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მას კითხვა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, ჯო უილსონმა დაუსვა.
„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“, - თქვა უილსონმა.
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, აშშ-ის მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაა. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს:
„არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს.
კობახიძე წერს, რომ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია დღემდე არ შემდგარა, არადა ტრამპთან „ქართული ოცნების“ ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც აშშ განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური წერილში საუბრობს Deep State-სა და „რევოლუციურ სცენარზეც“.
21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია მის წერილზე, „თუმცა, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“. საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში კი, საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს.
აშშ-ის უკვე სანქცირებული ჰყავს „სასამართლო კლანის“ წევრები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე და მათი ოჯახის წევრები - მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ-ფარცხალაძე - როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 30-მდე პირს, შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კიდევ 80-მდე მოხელეს, ასევე, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.
„მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.
დასანქცირებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი - „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალისთვის ძირის გამოთხრის გამო“.
