არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია - ზურაბიშვილი

აქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.

არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული „ქართული ოცნების“ მიერ იმისთვის, - და შედეგიც მიღწეულია, - რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.

მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე ამ არჩევნების მითს. მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია და დასუსტდა პროტესტი.

არჩევნებში მონაწილე მხარე ხომ წარუმატებლობით დაამთავრებს იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატების ფორმულა ამ პირობებში. თვითონ მონაწილეობის მომხრე პარტიებიც არ აცხადებენ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, რომ თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს. არ ვიცი, რა არის მათი მიზანი. თუ ეს არის პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე ისეთი დისკრედიტაცია მოჰყვა და ვერაფერს ვერ მიაღწევენ როგორც რეალურ შედეგს იმ ბრძოლის, რომელიც ჩვენი ერთიანი ბრძოლაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეორე მხრივ, ზურაბიშვილის თქმით, აზრი არ აქვს არც არჩევნების ბოიკოტის კამპანიასა. 

„ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რაიმე შედეგს, ასევე აბსურდია, რადგან არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რაიმე გამარჯვება. 

ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს. კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომც იყვნენ ამის მოწინააღმდეგეები და თუ დათვლადი იქნება ეს ბოიკოტი, შეიძლება რეჟიმს ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება. და საერთოდ, დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები.

ამიტომ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ - ერთი მხრივ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და მეორე მხრივ, ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება რაღაც ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს.

ჩვენი გამოსავალი რა არის: რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს - ერთიანობა. ყველაფერი ის რაც ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩას და უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები, რაც გააჩნია ნაწილობრივ უკვე ჩამოშლილ „ოცნების“ რეჟიმს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააძლიერონ პროტესტი და არა ჩართონ ის თავიანთ დაპირისპირებაში.

„ამისთვის გეგმა საკმაოდ მარტივია, მაგრამ გატარებული უნდა იყოს  ძალიან შინაარსიანად. ამ გეგმის პირველი ნაწილია აღიარება, რომ არავინ გაიმარჯვა/არავინ დამარცხდა და ჩვენ არ მივდივართ, ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ ყველა მონაწილეობას მივიღებთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს, პირველ რიგში, მოითხოვს, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ჯგუფი და ფორმატები, რომლებიც, ვიცი, რომ სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი.

ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე და რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა, იმიტომ, რომ არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი, შეიძლება, ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს - „ესენი თუ არა, მაშინ ვინ?“. ეს არის მუდმივი კითხვა, როდესაც მოდის რეჟიმის ცვლილება. ვალდებული ვართ, ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ. 

[...] მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა და გვაქვს - ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გვაქვს პრაქტიკულად. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რაც ასევე მოჰყვება ამ რეჟიმის ჩამოშლას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 8 პარტია: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“. პარტიები „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.