არც იოცნებონ, გადატრიალება, შევარდნა - შს მინისტრი დაუდასტურებელ ჩანაწერებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პროსამთავრობო სატელევიზიო არხების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. არცერთი ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებული არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტიკურობა დასადგენია.

არ მინდა პირდაპირ მტკიცებულების ფორმაში ვთქვა, რომ ეს ასეა ნამდვილად.

რასაც ვისმენდით, საშინელებაა. ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რას აკეთებდნენ, აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაციაა. პირველი შემთხვევა არაა, სამწუხაროდ“,- თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზეც, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში აქციების დარბევას ასახავს.

„იმ ღამეს, როდესაც პარლამენტის კარებს ახალგაზრდები უტევდნენ, დაწვეს, დაამტვრიეს კამერები, ცეცხლი დაანთეს და ა.შ. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, არ მომხდარიყო შეტაკება, ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ნამდვილად სასაცილოა! როცა მათივე ქვეყნებში წყლის ჭავლი კი არა, საპოლიციო ძაღლები და რეზინის ტყვიებია გამოყენებული, რაც ვამბობ, რომ კანონიერია, ამაზე ჩვენ მაქსიმალურად თავი შევიკავეთ. ამის ფონზე, საუბარი, რომ ჩვენ გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ, სასაცილოა.

წყლის ჭავლი იქნება, გაზი იქნება, მხუთავი აირი, წიწაკის სპრეი იქნება თუ რეზინის ტყვიები, სრული უფლება გვაქვს, კანონიერი, რომ ეს გამოვიყენოთ.

მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს, იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემი შვილის ტოლები არიან და უფრო პატარებიც შეიძლება, მათ შორის, მოვუწოდებ ამ ახალგაზრდების ხელმძღვანელებს და ლიდერებს, რომლებიც მათ დავალებებს აძლევენ და რატომღაც, როცა იძაბება ვითარება, სწორედ ეს ადამიანები ქრებიან, როცა დამთავრდება ყველაფერი, გამოდიან, კომენტარებს აკეთებენ ხოლმე დიდი შემართებით, მე მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს- გამოხატონ, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უნდა გადავიდნენ ზღვარს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. მერწმუნეთ, ბოლო წლების განმავლობაში, 20%-იც არ გამოგვიყენებია მთელი შესაძლებლობების, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- აღნიშნა გომელაურმა.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება 15 აპრილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).