ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს უნდა აეკრძალოს ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის წევრი სტივ კოენი არიან.
კანონპროექტის ტექსტი კონგრესის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. Fox News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს საქართველოს მთავრობის, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი, აღიარებას ან მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო“.
„სანქცირებული ოლიგარქ ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ახლა პუტინის ინსტრუმენტად იქცა. მათ გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და უკანონოდ აირჩიეს მორჩილი პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს და არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ მთავრობას.
„ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტი უზრუნველყოფს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს არ გააკეთოს. ივანიშვილის რეჟიმი ყველა დემოკრატიული მთავრობის მიერ უნდა დარჩეს სრულად იზოლირებული მანამ, ვიდრე არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, - უთხრა კონგრესმენმა კოენმა Fox News-ს.
კანონპროექტის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პრეზიდენტად და ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს. აშშ-ის ეს პოლიტიკა შეიძლება ბათილად გამოცხადდეს „საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით გამოიხატება“.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტშია წარდგენილი.
