საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებები „ცოდნის ნაკლებობას“ წარმოაჩენს. მდინარაძემ საელჩოს „თვითნებობასა“ და ე.წ. დიფ სთეითის „მსახურებაში“ დასდო ბრალი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, - ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღევანდელ ბრიფინგზე მდინარაძეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მუშაობის შეფასება სთხოვეს და ჰკითხეს, არის თუ არა ის თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა შეკითხვას ვრცლად უპასუხა:
„ის რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში.
თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის - მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას - რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით, მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში, არც ერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. დიდი ბოდიში ყველასთან, ვისაც ასე სჯერა.
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩო „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშაა და „კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია“.
„იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითის“ მსახურება და არა ამერიკელი ხალხის მსახურება, მალე დამთავრდება.
სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა, მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
68-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით. უწყვეტი პროტესტი 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
