აშშ-ის თავდაცვის აქტი პენტაგონს საქართველოში რუსეთ-ჩინეთის გავლენების შესწავლას ავალებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA) მხარი დაუჭირა. დოკუმენტი, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული თანხის - 1.15 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატამ 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ დაამტკიცა და ის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე კრიტიკულ ჩანაწერებს შეიცავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიცირებული შესწორებები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: სადაზვერვო საქმიანობის შესწავლა, ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავება და პოლიტპატიმრების საკითხის სამხედრო თანამშრომლობასთან ინტეგრირება.

საკანონმდებლო აქტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ავალებს, კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში, დაზვერვის სამსახურებთან კოორდინაციით, საიდუმლო ანგარიში წარადგინოს, რომელიც საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევის მასშტაბებს შეისწავლის.

გარდა ამისა, ამერიკულმა მხარემ უნდა შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესაძლო გადაკვეთის წერტილები და მათი ურთიერთქმედების ფორმები.

ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა უნდა მოამზადოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნები არსებული შიდაპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. დოკუმენტში ხაზგასმულია საჭიროება, შეფასდეს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად რეგიონში და რამდენად ერთგულია საქართველოს მთავრობა აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნისადმი.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებებს, კერძოდ კი ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებს, რომელთაც კონგრესში პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. აქტი ავალებს თავდაცვის მდივანს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე მოამზადოს ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება პოლიტიკური პატიმრების საკითხის ინტეგრირება საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში.

ირაკლი კობახიძე

ამ ჩანაწერებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ არასერიოზული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ერთი ადამიანის ინიციატივაა.

„ღიმილის მომგვრელია ასეთი ჩანაწერი. თქვენ იცით, რომ ინიციატივა არის ჯო უილსონის და ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის საინტერესო, არც სერიოზული...

ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო: ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან“, - უთხრა სინგაპურში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კობახიძემ ჟურნალისტებს.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო მიღება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარ ვერსიას სენატი დაამტკიცებს, რასაც ორივე პალატის ვერსიებს შორის კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება უნდა მოჰყვეს. საბოლოოდ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.