ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს, მის სრულწლოვან ქალიშვილებს, მეუღლეს და კიდევ ორ ქალს, რომლებიც მის არაოფიციალურ ცოლებად არიან მოხსენიებული, სანქციები დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კადიროვი სასტიკი მთავარსარდალია, რომელსაც კავშირები აქვს წამებისა და მკვლელობის შემთხვევებთან და უკრაინაში საბრძოლველად ჩეჩნების მობილიზებას ახდენს:
„კადიროვს, რომელიც საკუთარ თავს საჯაროდ უწიდებს პუტინის „ქვეით ჯარისკაცს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მისი როლის გამო „გენერალ-ლეიტენანტის“ წოდება მიენიჭა. კადიროვთან დაკავშირებული ჩეჩნური დანაყოფები მოქმედებდნენ ბუჩაში, სადაც რუსულმა ჯარებმა საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს. კადიროვი რუსეთის ომში ჩასართველად ახდენს რეკრუტირებას შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბების მეშვეობით, რაც მას და მის ქვედანაყოფებს საშუალებას აძლევს, უკრაინაში მოქმედება გააგრძელონ. კადიროვმა დიდი სიმდიდრე დააგროვა ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად. ეს მოიცავს სახლს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კერძო ზოოპარკს და ძვირადღირებულ ავტომობილებს“.
უწყების ინფორმაციით, კადიროვს გააჩნია ფულის რეზერვი, რომელიც უკანონო მიზნებისთვის გამოიყენება.
აშშ-მ სანქციები დაუწესა კადიროვის ქალიშვილებს - აიშათს, კარინასა და თაბარიკს, მის ცოლს მედნის, ასევე ფატიმა ხაზუევას და ამინათ ახმადოვას, რომლებიც ასევე კადიროვის ცოლებად არიან მოხსენიებული. სანქციებში მოხვდა ჩეჩნეთის პირველი „ეროვნული მოდის ბრენდი“ – Firdaws. აღნიშნული კომპანიის მესაკუთრე აიშათ კადიროვა იყო, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ კომპანია კვლავ კადიროვის ქალიშვილის მიერ კონტროლდება.
„ძალიან სასაცილოა, რადგან ამერიკასთან კავშირი არასოდეს მექნება, იქ არ გავემგზავრები, იქ არ მაქვს ანგარიშები. არაფერი მაქვს საზღვარგარეთ, იქ მხოლოდ მეგობრები მყავს. შეერთებულ შტატებში კარგად იციან, რომ დასავლეთში არც ქონება მაქვს და არც ანგარიშები, მაგრამ ჯიუტად დამამატებენ სანქციების სიებში და ამჯერად, რატომღაც ჩემი ოჯახის წევრებიც შეიყვანეს, მათ შორის, ქალიშვილი, რომელიც ახლახანს გახდა სრულწლოვანი. ვერ ვიგებ, მან რომელი კანონი დაარღვია. რატომ აჭიანურებთ? ამერიკელებო, სანქციები დაუწესეთ ჩემს ყველა შვილს, 14-ვეს, ყველაზე პატარები, ტყუპები ჰასანი და ჰუსეინი, ხუთი წლის არიან“, – ასე გამოეხმაურა კადიროვი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კადიროვი და მისი ოჯახის წევრები აშშ-მ დაასანქცირა. 2020 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერი, მისი მეუღლე და ორი შვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში რამზან კადიროვის მონაწილეობის გამო. 2017 წლიდან კადიროვი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ე.წ. მაგნიტსკის სიაშია, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.
კადიროვი ასევე სანქცირებულია ავსტრალიის, კანადის, ევროკავშირის, იაპონიის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.