ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. სანქცირების საფუძველი რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის დროს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მათი მონაწილეობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
„დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი პირების ძალისხმევის მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად. აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს“, - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი ტ. სმიტმა.
ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 მაისს რუსული კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა ძალადობა გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
„ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის შესახებ ახალი კანონის საწინააღმდეგო არაძალადობრივი საპროტესტო აქციების არაერთი მონაწილის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასტიკად ცემას. ხარაზიშვილი ცნობილია პოლიტიკურ ოპონენტებზე თავისი სადამსჯელო ქმედებებით და პირადად იყო ჩართული აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“.
ფინანსური სანქციების ფარგლებში იბლოკება სანქცირებული პირების ყველა ქონება და ქონებრივი ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს.
აპრილ-მაისში, სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, მშვიდობიან მომიტინგეებს კი სასტიკად გაუსწორდნენ. ცემეს მომიტინგე დეპუტატებიც - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ჯერ უკანონოდ დააკავეს და შემდეგ სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას. როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება სწორედ ზვიად ხარაზიშვილმა განახორციელა. ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით დღემდე არავინაა დაკავებული, უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ ხარაზიშვილისთვის.
პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 1-ელ მაისს განაცხადა, რომ აქციების დარბევაში უკანონოდ მონაწილეობდნენ კერძო დაცვის სამსახურის „სარანგის“ თანამშრომლები. აღნიშნულ კომპანიაში 50%-იან წილს ზვიად ხარაზიშვილი ფლობს და შემოსავლის სახით წელიწადში 30 ათას ლარზე მეტს იღებს. „სარანგის“ წილების დარჩენილი 50% ზვიად ჭოხონელიძის საკუთრებაშია. ის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისი პირადი დაცვის წევრი იყო.
28 მაისს, „ხარებამ“ განაცხადა, რომ აქციებზე სცემს „არაკაცებს“, რომელთა სიაც აქვს.