ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯე დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
შეთანხმება ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, სომხეთში ბირთვული ტექნოლოგიების, საწვავის და მომსახურების ექსპორტირება მოახდინონ.
9 თებერვალს ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად 9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში „1, 2, 3“ შეთანხმების შესახებ. როდესაც სრულად დამტკიცდება, იგი გზას გაუხსნის ამერიკულ და სომხურ კომპანიებს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის პროექტებზე შეთანხმებების ხელმოწერას.
ეს გულისხმობს შეერთებული შტატებიდან 5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების საწყის ექსპორტს, ასევე საწვავისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების სახით 4 მილიარდი დოლარის დამატებით გრძელვადიან მხარდაჭერას.
ეს კლასიკური ორმხრივად მომგებიანი გარიგებაა როგორც სომხეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს ჩემი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და ასევე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე შეერთებულ შტატებში მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია მცირე მოდულარული რეაქტორებისა და ამერიკული ტექნოლოგიების სომხეთში ექსპორტზე.
„ეს [სომხეთი] ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც საკმარისად თავდაჯერებულები ვართ ამ დონის ინვესტიციების განსახორციელებლად, ამ ტიპის ტექნოლოგიების გასაგზავნად და ეს პრემიერ-მინისტრის ლიდერობის დამსახურებაა“, - თქვა ჯეი დი ვენსმა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „გახსნის ახალ თავს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“.
გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა სომხეთს საშუალებას მისცემს, უარი თქვას რუსულ ბირთვულ ენერგიაზე.
ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, სომხეთში ვიზიტით 9 თებერვალს ჩავიდა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე არის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი.
ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსმა თქვა, რომ მისი ვიზიტი ისტორიულია და ამაყობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია:
„ეს არის მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, ქრისტიანული ცივილიზაციისა და კულტურის ნამდვილი საფუძველი. და როგორც ქრისტიანი, მე ვიცი ამ ქვეყნის მნიშვნელობა მთელი მსოფლიოსთვის და იმ რელიგიისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მე ვიზიარებთ. ასე რომ, სომხეთის ხალხს და დიდებულ პრემიერ-მინისტრს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პარტნიორობისთვის, პრეზიდენტი ტრამპი ერთგულია ამ პარტნიორობისა და მეც ასევე. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შემდეგი ნაბიჯის გადადგმით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმ.
