რუსული „ავტოსტატი“: 7 თვეში საქართველოდან რუსეთში ავტომობილების იმპორტი 230%-ით გაიზარდა

რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ ხელმძღვანელის, სერგეი ცელიკოვის ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 17.8 ათასი მსუბუქი ავტომობილია შესული - წინა წელთან შედარებით ზრდა 230%-ია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცელიკოვი Telegram-არხზე წერს, რომ საქართველოს გავლით რუსეთში შეტანილი მსუბუქი ავტომობილების 90%-ზე მეტი (16.3 ათასი ერთეული) მეორადია, ეს კი გასული წლის შედეგზე (4.75 ათასი ერთეული) 244%-ით მეტია.

„საქართველო ავტომობილებზე დამატებული ღირებულების გადასახადს არ აწესებს, რაც საბოლოო ფასს საკმაოდ მიმზიდველს ხდის.

ოფიციალურად, საქართველოს გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი, თითქოს, აკრძალულია. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რეგისტრაციისა და იმპორტის სხვადასხვა სქემა კვლავ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების 95%-ზე მეტი სრულიად ახალია, გამოშვების წლები 2020-2022“, - წერს სერგეი ცელიკოვი.

„ავტოსტატის“ ხელმძღვანელის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში შესულ მეორად ავტომობილებს შორის ხუთი ყველაზე პოპულარული მარკა იყო: ფოლკსვაგენი, რომელიც 2298 ერთეული შევიდა, BMW - 2278 ერთეული, შევროლე - 1549 ერთეული, კია - 1362 ერთეული, ჰიუნდაი - 1298 ერთეული. ახალ ავტომობილებს შორის კი ლიდერობენ ტოიოტა - 344 ერთეული, BMW - 203 ერთეული, ლექსუსი - 147 ერთეული, მერსედეს-ბენცი - 122 ერთეული და პორშე - 122 ერთეული.

„საქართველოს გავლით ავტომობილები მოჰყავთ ძირითადად აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან. ჩინური წარმოება აქ არაა.

ისინი საზღვაო ტრანსპორტით ჩამოდიან ბათუმისა და ფოთის პორტებში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში მიდიან. საბოლოო ჯამში, რუსეთი ამ ავტომობილების უდიდესი მომხმარებელია“, - აღნიშნავს ცელიკოვი.

2023 წელს, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა, თუმცა მაშინ ამ ქვეყნების მოქალაქეებზე მანქანების გაფორმება და სხვა ქვეყნებში რეექსპორტი არ აკრძალულა. მიმდინარე წლის 15 მაისიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ გააკეთონ ექსპორტი და რეექსპორტი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.