მკვლევარს, აქტივისტსა და ონლაინგამოცემა OC Media-ს კონტრიბუტორს, ბაჰრუზ სამადოვს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ბაქოს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმე ეხება „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაწერებს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
 - 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
 - 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
 - 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
 - 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
 - 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
 
სამადოვი ბრალდებას არ აღიარებს და უარყოფს სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირს. განაჩენის გამოტანამდე მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც უკვე შვიდი დღეა გრძელდება. ადვოკატ ზიბეიდა სადიგოვას განცხადებით, აქტივისტი ამის გამო საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი. 20 ივნისს, სამადოვმა ციხეში თვითმკვლელობაც სცადა.
აზერბაიჯანელი აქტივისტის, ამრა თამაზოვის თქმით, ბაჰრუზ სამადოვს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო კვლავაც აქვს თვითმკვლელობის მცდელობის რისკი.
სამადოვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა თებერვალშიც გამოაცხადა, თუმცა მალევე შეწყვიტა, რადგან უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე და მძიმე პირობებში ამყოფებდნენ.
ის ბაქოში 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს. ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ მისი დაკავება დაადასტურა. მას ბრალი წარედგინა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ღალატს - მტერთან თანამშრომლობას, ჯაშუშობას, სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემას უცხო სახელმწიფოსთვის/უცხოური ორგანიზაციისთვის, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარების მიზნით. აღნიშნული მუხლი 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლევარი თავის პუბლიკაციებში ხშირად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი ავტორიტარიზმისა და მილიტარისტული მიდგომების გამო. ის მხარს უჭერდა და ხშირად წერდა სომხეთთან მშვიდობის აუცილებლობაზეც.
აზერბაიჯანში ათობით ჟურნალისტი, აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული.
20 მაისს, აზერბაიჯანის სასამართლომ ეთნიკურად თალიშ მკვლევარსა და სამეცნიერო გამოცემა „თალიშური ეროვნული აკადემიის ახალი ამბების“ მთავარ რედაქტორს, იგბალ აბილოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი - 274-ე, 281.3-ე და 283.1-ე - მუხლით ედებოდა, რაც ითვალისწინებს ღალატს, უცხოური ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისკენ მოწოდებას და ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას.

ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) თანახმად, აზერბაიჯანი პრესის თავისუფლების ინდექსში 167 ადგილზეა, წინა წელთან შედარებით კი მდგომარეობა 3 ნიშნულით არის გაუარესებული.
ერთი კვირის წინ, სასამართლომ Abzas Media-ს ჟურნალისტებს 6, 7, 8 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი უცხოური ვალუტის ჯგუფურად გადატანისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გასამართლდნენ.
9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ფარიდ მეჰრალიზადესაც.
																
                  