თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები ავრცელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ჟურნალისტის მეუღლის ბრალდებას დაკავებისას ფიზიკური ძალადობის შესახებ. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიცია სადიგოვის ბინაში ე.წ. „ბარგალკითა“ და მაშველებთან ერთად არის მისული კარის შესამტვრევად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. დაკავების მიზეზი და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე ჩვენთვის, როგორც მისი ადვოკატებისთვის, უცნობია.
გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1-ელ აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა.
საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში.
ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა. თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს.
როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი]. ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში“, - წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.
სადიგოვის მეუღლის ინფორმაციით, რომელიც შვილებთან ერთად ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იმყოფება, პოლიციამ ბინის კარი მაშველების დახმარებით შეამტვრია. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები პოლიციის შესვლისთანავე გაითიშა, თუმცა მეუღლემ გარკვეული ფრაგმენტების დაარქივება მოასწრო.
სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნით თბილისში პირველად 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. 2025 წლის 27 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. 16 აპრილს ჟურნალისტი 161-დღიანი შიმშილობის შემდეგ საპატიმროდან გირაოთი გათავისუფლდა.
სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა თბილისში პროევროპულ აქციებში, რის გამოც ორჯერ იმყოფებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. 2025 წლის 17-18 დეკემბრის აქციებში მონაწილეობის გამო, აფგან სადიგოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენას ედავებიან, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის (ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებას გულისხმობს. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ჟურნალისტი იმავე საფუძვლით წარსულში უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება.
„აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე“.
