საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებულ ჟურნალისტს, გამოცემა Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. სადიგოვი საფრანგეთში მცხოვრებ მეუღლესა და შვილებთან გამგზავრებას გეგმავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 5 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
26 მაისის ღამეს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს. თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს არაფრად აგდებენ, ერთობლივად უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და აზერბაიჯანში დამაბრუნეს, მაშინ მათგან ნებისმიერი სახის დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ!“ - განაცხადა აფგან სადიგოვმა და მისი უფლებების შეზღუდვას „თვითნებობა“ უწოდა.
ქვეყნის დატოვების აკრძალვა აზერბაიჯანში ხშირად გამოიყენება როგორც ხელისუფლების კრიტიკოსების, ისე მათი ნათესავების წინააღმდეგ.
პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტის მეუღლე, სევინჯ სადიგოვა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანი დროის მოგება და ახალი სცენარით სადიგოვის ხელახლა დაპატიმრებაა.
აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში სამკურნალოდ 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, თუმცა აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 2024 წლის 3 აგვისტოს იგი თბილისში დააკავეს აზერბაიჯანის პროკურატურის შუამდგომლობით, რომელიც მის ექსტრადიციას გამოძალვის ბრალდებით დაწყებული საქმის გამო ითხოვდა. უფლებადამცველები ამ ბრალდებას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ სადიგოვი მთავრობის კრიტიკის გამო იდევნებოდა, რადგან საქმე მისი ქვეყნიდან წასვლიდან ხუთი თვის შემდეგ აღიძრა.
თბილისის საგამოძიებო იზოლატორში სადიგოვმა რამდენიმე თვე იშიმშილა. 2025 წლის 28 თებერვალს ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ხელისუფლებას საქმის არსებით განხილვამდე მისი ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი 16 აპრილს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვის გვერდის ავლის ფორმალური გზა მაინც გამონახეს: 2026 წლის 1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, 4 აპრილის ღამეს კი სადიგოვი თბილისში დააკავეს. ოფიციალურ საბაბად სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა. ის იმავე ღამეს, დაახლოებით 04:00 საათზე გაასამართლეს და აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ გააძევეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სადიგოვს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმაც შეუფარდა და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
აფგან სადიგოვმა აზერბაიჯანის პასპორტის აღება რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 1-ელ მაისს შეძლო, თუმცა მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ მაშინვე გამოთქვა შიში, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტს ქვეყნის დატოვებისას დაბრკოლებებს შეუქმნიდა.
