სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაბა ბახმაროში კოტეჯის უკანონოდ აშენების მცდელობის საქმეზე ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი ბრალდებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
ანტიკორუფციული სააგნეტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
„აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.
საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები“, – განაცხადა გაგნიძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ემზარ გაგნიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენას. „მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს - უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, – განაცხადა გაგნიძემ.
