„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანთან „საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები“ გაფორმდა, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ეხება, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი 26 მაისს შემოვა.
„ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით, მათ შორის, ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლიდან, კორონავირუსის პანდემიის საბაბით იყო შეჩერებული, რის გამოც მიმოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით სრულდებოდა. მოლოდინი, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტი 2025 წლის აპრილიდან განახლდებოდა, აქამდე არ გამართლდა.
ირაკლი კობახიძე ბაქოში დღეს, 18 მაისს ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო „მსოფლიო ურბანულ ფორუმში“ და შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ქართული მხარის ინფორმაციით, მიღებულია სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები ენერგეტიკის სფეროში:
- სოციალური გაზის ხელშეკრულება გაგრძელდა კიდევ 20 წლით. კობახიძის განცხადებით, ახალ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
- მიღწეულია შეთანხმება ბოლო 3 წლის განმავლობაში გაჩერებული ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ხელახლა ამოქმედებაზე.
„ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება საქართველოს საკუთრებაში, თუმცა აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს. ამ სამი წლის განმავლობაში, შეგახსენებთ, შემოსავალი იყო ნული“, - თქვა კობახიძემ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. პროექტის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზა“ ოპერირებას აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმოს მეშვეობით უზრუნველყოფს.
„ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის ეს მონაკვეთი. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად, ევროპას აზიასთან. ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის მართლაც რომ ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობის“, - დასძინა კობახიძემ.
მას ბაქოში თან ახლდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
აღნიშნულ ვიზიტამდე, 6 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავად იმყოფებოდა თბილისში, სადაც შეხვედრები გამართა ირაკლი კობახიძესთან, მიხეილ ყაველაშვილთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.
