ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბალტიის ზღვაში, ფინეთ-ესტონეთის ელექტროკაბელის, Estlink 2-ის დაზიანების საქმეზე კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავეს, რომელსაც ქართველი კაპიტანი ჰყავს. Eagle S, სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ელექტროკაბელი შობის დღეს, 25 დეკემბერს დააზიანეს. 26 დეკემბერს პოლიციამ ფინეთის ტერიტორიულ წყლებში მცურავი ტანკერი Eagle S დააკავა და განაცხადა, რომ ეკიპაჟში 20-ზე მეტი ადამიანი იყო - ყველა მათგანი საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეა.

„ჩვენი მხრიდან ვიძიებთ მძიმე დივერსიას. ჩვენი ინფორმაციით, დაზიანება გამოიწვია გემის ღუზამ, რაც გამოძიების პროცესშია“, - თქვა რობინ ლარდოტმა, ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა.

ფინური გამოცემა Yle წერს, რომ ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია გრძელი, რამდენიმე კილომეტრიანი კვალი, რომელიც ღუზამ დატოვა. პოლიციის წარმომადგენელმა Yle-სთან განაცხადა, რომ ზღვის ფსკერზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე აქვთ პირველადი წარმოდგენა მომხდარის შესახებ და აღმოჩენილი კვალი Eagle S-ის ღუზისაა. ძლიერი ქარის გამო საგამოძიებო სამუშაოები ჯერჯერობით შეჩერებულია.

რუსული საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ Eagle S-ი ბალტიის ზღვაში მდებარე რუსული პორტიდან, უსტ-ლუგადან 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დილის 3:25 საათზე გავიდა და დასავლეთ თურქეთში, ალიაგას პორტისკენ მიემართებოდა. MarineTraffic-ის სამსახურის მონაცემების მიხედვით, დანიშნულების ადგილად ეგვიპტეში მდებარე პორტ-საიდი იყო მითითებული.

საგამოძიებო პროექტმა გაარკვია, რომ Eagle S-ის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე დავით ვადაჭკორიაა, რომელიც ბორტზე 15 ოქტომბერს ავიდა. 14 დეკემბერს უსტ-ლუგაში ტანკერის ეკიპაჟს ქართული გვარის მქონე კიდევ ერთი წევრი - მირზა ჟოჟაძე შეუერთდა. მათი მონაცემები შეტანილია ჯანმრთელობის დეკლარაციაში, რომელსაც მეზღვაურები ავსებენ.

„ვაჟნიე ისტორიი“ პორტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ Eagle S-ი ინდოეთის პორტ კანდლადან გამოვიდა და 15 ოქტომბერს დანიის პორტ სკაგენში გაჩერდა, ვიდრე 26 ოქტომბერს უსტ-ლუგაში შევიდოდა. უსტ-ლუგაში ტანკერი თითქმის ორი თვის განმავლობაში იდგა, 20 დეკემბერს კი სანქტ-პეტერბურგში გაემართა. უკან, უსტ-ლუგაში ის 23 დეკემბერს დაბრუნდა და 13 საათის შემდეგ რუსული პორტი დატოვა.

ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანია Caravella LLC-ს ეკუთვნის. მან კუკის კუნძულებზე რეგისტრაცია 2023 წლის 26 ივლისს გაიარა.

ფინეთის საბაჟო სამსახურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტანკერი, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით რუსეთიდან ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ფინეთის ხელისუფლების ცნობით, Eagle S-ს გადაჰქონდა რუსეთის პორტში აღებული არაეთილერებული ბენზინი.

ბალტიის ზღვაში დაზიანებული 650 მეგავატი სიმძლავრისა და 170 კილომეტრი სიგრძის მქონე კაბელის შეკეთებას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება.

ევროკავშირის უმღალესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. გამოცემა WELT-თან ინტერვიუში კალასმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში დივერსიის მცდელობები იზოლირებული შემთხვევები არ არის, არამედ ევროკავშირის ინფრასტრუქტურის დესტაბილიზაციის მიზნით კოორდინირებული მოქმედებების სისტემის ნაწილია. კალასი რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.