ბათუმელი მედროშე, 56 წლის თემურ ქათამაძე, 4 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს, საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა, რომელიც პატიმრის ინტერესებს იცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
„როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა“, – აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
ქათამაძეს კლინიკაში გადაყვანამდე ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 15 თებერვალს ჩაუტარდა. მაშინ მას, მოთხოვნის მიუხედავად, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე. ამის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.
როგორც საიაში აცცხადებენ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მათთვის არ გადაუცია 9 თებერვლის შემდგომ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია, არც 15 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია.
თემურ ქათამაძე „ვივამედის“ თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, გუშინ მას აუცილებელი კვლევები ჩაუტარდა.
„შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ პაციენტმა შიმშილობა შეწყვიტა.
თემურ ქათამაძე თითქმის სამი თვეა დაკავებულია. ის პირველად 11 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს, რის შემდეგაც 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
16 იანვარს, თემურ ქათამაძე დროებითი მოთავსების იზოლატორს ტოვებდა, როდესაც ხელმეორედ დააკავეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მას თურქეთში გაძევება ემუქრება.
თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), რომელიც მუჰაჯირების შთამომავალია, 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა ჯერაც ვერ მიიღო.
20 იანვარს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, რაზეც უარი ეთქვა. ქათამაძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საკითხზე 18 მარტს იმსჯელებს.
თემურ ქათამაძე ამბობდა, რომ ის შიმშილობით აპროტესტებდა თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ქართველობის წინააღმდეგ 13-წლიან მიზანმიმართულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას.
