ბათუმში 15 000 ტონა რუსული საწვავი შემოიტანეს - შემოსავლების სამსახური სანქციების დარღვევას უარყოფს

ბათუმის პორტი / არქივის ფოტო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში გემით 15 000 ტონა რუსული საწვავი შემოიტანეს, თუმცა აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციები არც გემზე ვრცელდება და არც მის ტვირთზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული საწვავი შემოვიდა, თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ნავთობტანკერი CAPIBARA რუსული ნავთობკომპანია „გაზპრომ ნეფტის“  (Газпром нефть) 15 000 ტონა სანქცირებული დიზელით იყო დატვირთული. აღნიშნული კომპანია ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერ არის დასანქცირებული. ხაბეიშვილის ხაზს უსვამს, რომ „გაზპრომ ნეფტისგან“ საწვავი ოფშორულმა კომპანიამ შეიძინა და საქართველოში ისე შემოიტანა.

„მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია BONEX-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი. ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი - „სუს-ის“ დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა „მმართველის“ აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის, გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ „მაყურებლად“ (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული). შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით, სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა“, - დაწერა ხაბეიშვლმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.

შემოსავლების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა და პოლიტიკოსი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა.

როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს, CAPIBARA ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 3 აგვისტოს შემოვიდა და ის დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი - 15 000 ტონა დიზელის საწვავი. უწყებაში კომპანიებს არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ თავს იკავებენ „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან“.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.