მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი შვილები კერძო სკოლაში სწავლობენ, რადგან სწავლის ხარისხი იქ მოეწონა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 3 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 4 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 5 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
- 6 მეგი დიასამიძეს ბრალი წარუდგინეს, მას „ოცნებისთვის“ 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან
„აქ განსხვავებულია შემთხვევები. მე პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. კონკრეტული კერძო სკოლა იყო, სადაც მომეწონა სწავლის ხარისხი და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ამაში არის გარკვეული უხერხულობა. ამაში უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ ასეთია რეალობა, ასეთია მოცემულობა“, - აღნიშნა კობახიძემ მედიასთან.
მისივე თქმით, სერიოზული გამოწვევაა საჯარო სკოლებშიც ისეთივე ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა, როგორიც კერძო სკოლებშია.
„ზოგადად, კერძო სკოლას აქვს იმის ფუფუნება, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს, მათ შორის, ხარისხის უზრუნველყოფისთვის. რაც შეეხება სახელმწიფოს, ბუნებრივია, მისი რესურსი შეზღუდულია და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5000 დოლარია და ვთქვათ, გერმანიის ეკონომიკა ათჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, გერმანიას შეუძლია ათჯერ მეტი ინვესტიცია ჩადოს სკოლის ხარიხსში, ვიდრე საქართველოს. ბუნებრივია, ეს განაპირობებს საჯარო სკოლებში იმაზე დაბალ ხარისხს, ვიდრე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშია და თანდათანობით, ეს, რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს. ამას სჭირდება სერიოზული კონცეპტუალური მიდგომა, რაზეც, მათ შორის, განათლების კომიტეტიც მუშაობს. ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ ყველანაირად უნდა მოვახერხოთ მეტი საბიუჯეტო რესურსის ჩადება განათლებაში. თავის დროზე იყო გეგმა, რომლის მიხედვითაც, მთლიანი შიდა პროდუქტის 6% უნდა ყოფილიყო ჩადებული განათლებაში, მათ შორის, ზოგად განათლებაში, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ეს ყველაფერი შეიცვალა. იმედია, მოვახერხებთ და დავუბრუნდებით ამ ნიშნულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს, ირაკლი კობახიძემ საკუთარი 10 და 7 წლის შვილების განათლებაში, ჯამში 18 455 ლარი გადაიხადა, 2020 წელს კი 13 468.
შვილებს კერძო სკოლაში ასწავლის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ამილახვარიც. 2021 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამილახვარს, ორი შვილის განათლებაში 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, 2020 წელს კი 15 000 ლარი და 6400 აშშ დოლარი.
კერძო სკოლაში სწავლობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოთხივე შვილი. მათგან ყველაზე უმცროსი პირველ კლასში წელს მივიდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ოჯახი მხოლოდ უფროსი, 2005 წელს დაბადებული შვილის სწავლაში, კერძო სკოლას, წელიწადში 24 000 ლარს უხდის.
