მიმდინარეობდა ამორალური კამპანია, „მაკდონალდსის“ განმარტებები საკმარისი არაა - პრემიერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მაკდონალდსის“ ქსელში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის შესახებ წიგნის დარიგება დაგმო და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული განმარტებები არასაკმარისია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერ-მინისტრმა მორიგი ჰომოფობიური განცხადებები დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით გაეცნო კვლევას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში „ახალგაზრდების 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს“. ღარიბაშვილმა ამას საგანგაშო ტენდენცია უწოდა.

„მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლებაა, თუ როგორ ცხოვრების წესს აირჩევს. ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა.

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში“, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია.

ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია გასულ კვირაში დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების სასაჩუქრე მენიუში ბავშვებმა ელტონ ჯონის შესახებ წიგნი მიიღეს. წიგნში ეწერა, რომ ელტონ ჯონი „გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელი, დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამას „ამაზრზენი ლგბტ პროპაგანდა“ უწოდეს.

„მაკდონალდს საქართველომ“ განმარტა, რომ წიგნი დაიბეჭდა გლობალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ, წარმატებას მიაღწიონ. წიგნები ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი შინაარსით იბეჭდება და ლიცენზიის პირობებით, მისი შეცვლა დაუშვებელია.

„ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას“, - განაცხადა „მაკდონალდს საქართველომ“.

კომპანია მიიჩნევს, რომ მათი მისამართით გავრცელებულ „უსაფუძვლო ბრალდებები“ , მიზნად ისახავს „მაკდონალდს საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას რეპუტაციის შელახვას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).