თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, აქტივისტი, პროდასავლური აქციების მონაწილე თამარ გიორგაძე 3 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ქოჩქიანმა Facebook-ზე დაწერილი სიტყვა „ამოწყდი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია და წვრილმან ხულიგნობად დააკვალიფიცირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
სასამართლოს რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სასამართლო სხდომას თამარ გიორგაძე არ დაესწრო, მოსამართლის გადაწყვეტილებას ის სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს პოზიციით, სოციალურ ქსელში პირადი სივრცე არ არსებობს. შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ სხდომაზე განაცხადა, რომ „წყევლა არის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.
„ქალბატონი თამარის მიმართ ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე. მისი ქმედება შეიცავდა როგორც წყევლას, ასევე უშუალოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქალბატონი თამარის მხრიდან ადგილი ჰქონდა 166-ე მუხლის შემადგენლობას“, - განაცხადა შსს-ს იურისტმა.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3000-დან 5000 ლარამდე იზრდება, პატიმრობა კი 60 დღემდე.
თამარ გიორგაძე წყევლას შეურაცხყოფად არ მიიჩნევს. „მე დავწერე პოსტი ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. იმ დღეს ბევრი ისეთი ამბავი იყო, რაც გახდა ჩემი ამ პოსტის მაპროვოცირებელი. იმ დღეს დააპატიმრეს აფგან სადიგოვი ბაქოში, იმ დღეს იყო, რომ ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა, საპროცესო შეთანხმებას უფორმებდნენ 4 ოქტომბერს დაკავებულ უდანაშაულო ადამიანებს... ეს იყო ჩემი ემოციური რეაგირება“, – თამარ გიორგაძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელსაც „სქროლვა-სქრინვის სამმართველოდაც მოიხსენიებენ, 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. სამმართველოს ინსპექტორები სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებენ და მოქალაქეებს, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ სხვა საჯარო პირების მიმართ დაწერილი პოსტებისა და კომენტარების გამო სამართალდარღვევის ოქმებს უდგენენ იმის მიუხედავად, რომ პოსტის ადრესატები თავს შეურაცხყოფილად არ მიიჩნევენ და უმეტეს შემთხვევაში არც იციან კონკრეტული პოსტების შესახებ.
Facebook-ის მომხმარებლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის გარდა, 17316-ე მუხლითაც ედავებიან, რც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ერთი თვის თავზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და ქვეყანაში სიძულვილის წყაროდ პროევროპული ძალები გამოაცხადა. მისი მტკიცებით, სიძულვილი და უხამსობა ქართველების თვალში „პროევროპულობასთან“ ასოცირდება, ხოლო ის ადამიანები, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, რეალურად სიძულვილისა და ლანძღვის მთავარი გამავრცელებლები არიან სოციალურ მედიასა და საჯარო სივრცეში.
„ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
