საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანება სტუ-ს დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს. საზოგადოება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ, წერილობით მიმართავს და უმაღლესი განათლების რეფორმის ავტორებთან შუამდგომლობას სთხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ დღემდე აკადემიური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც დაგეგმილი გაერთიანება „წარმოდგენილია როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება“.
„სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები) სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სტუ-ს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება წინააღმდეგია, ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილებოდეს „როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა“, რადგან უნივერსიტეტის „თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში“.
„ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იგი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში.
ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში.
დიდი ილია თავის დროზე ამბობდა – „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით”. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, მისი არსებობის 104 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს.
ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა, ან, მოხდეს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე.
განცხადება შემდეგნაირად სრულდება: „პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები“.
29 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზის და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.
ამ თემაზე:
სტუ-ს რექტორის თქმით, თსუ-თან გაერთიანებაზე გუშინ გაიგო, აკადემიურმა საბჭომ დღეს – მედიიდან
