ბიზნესმენ ხარძიანის წამებისა და კუს ტბის წილების საქმეზე უდესიანი და მუხაძე დამნაშავედ ცნეს

ბესარიონ ხარძიანი

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, მისი წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ.

2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლებისა და ქონებაზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, და დაავალა, საპატიმროში ბიზნესმენისთვის ისეთი პირობები შეექმნა, რომ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები კუს ტბის წილების დათმობაზე იძულებული გაეხადა.

ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით ეიძულებინათ ხარძიანი ქონება დაეთმო. აღნიშნული პირები თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. გარდა ამისა, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ და ხელს უწყობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. პარალელურად, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზეც.

საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის კუს ტბის წილები დაეთმოთ, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა.

ალექსანდრე მუხაძე და გიორგი უდესიანი

გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნეს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ წამების ორგანიზებასა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში. მას 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნეს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ წამებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. მასაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2024 წელს გიორგი უდესიანის ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკურ დევნილად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა და „ინტერპოლმა“ საქართველოს ხელისუფლებას მის ძებნასა და ექსტრადიციაზე უარი უთხრეს.

„გია უდესიანი გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო შენაერთის მეთაური 2008 წლის აგვისტოს ომში. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს რუსეთი უსწორდება, მათ შორის, საკუთარი სატელიტი მთავრობების დახმარებით. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ არცერთი ცივილიზებული, დასავლური სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას უდესიანის ექსტრადიციასთან დაკავშირებით“, - თქვა მაშინ შოთა თუთბერიძემ.

ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს, 49 წლის ასაკში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მან „იმედის“ ეთერში სამართლის აღდგენა მოითხოვა.

მკვლელობისთვის ძებნილი ფარიდ გურბანოვი 2024 წელს თურქეთში დააკავეს, სექტემბერში საქართველოს გადმოსცეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი თანამზრახველი, რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი ამ დრომდე იძებნება.

ბესარიონ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ფარიდ გურბანოვი
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.