ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ, ტყე 19 აგვისტოდან იწვის. ცეცხლი მრავალწლიან ხეებს უკიდია. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ მესამე დღეს ჩართეს, როცა ცეცხლი უკვე ათობით ჰექტარზე გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, 300 მეხანძრე-მაშველი, ამდენივე პოლიციელი და ჯარია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს: „ტყეში ნიადაგი სრულიად გამომშრალია და სწრაფი აალება ხდება, ხანძრის კერები სწრაფად ვრცელდება“.
28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სოფელ ქვაბისხევის მცხოვრებლების ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლის პატარა კერა იყო, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგ მივიდნენ, როცა ცეცხლი უკვე დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველები, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს: „მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება“.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ერთი ვერსიით, მეხის დაცემამ გააჩინა. მეორე ვერსიით, შესაძლოა, მონადირეების მიერ დანთებული კოცონიდან გაჩნდა.
ტყის ხანძრები საქართველოში ხშირად ხდება, თუმცა ინტერნეტში არ იძებნება ინფორმაცია, პოლიციას რომელიმე შემთხვევაზე, გამოძიების შედეგად, ვინმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჰყავდეს მიცემული.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მათ დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 2007-2021 წლებში ხანძრის 617 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელმაც საერთო ჯამში 7 244 ჰექტარი ტყე მოიცვა. ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2020 წელს არის აღრიცხული, ყველაზე დიდი ფართობი კი 2017 (1299.9 ჰა) და 2008 წლებში (1277.5 ჰა) დაიწვა.
2008 წელს, სამცხე-ჯავახეთში - წაღვერში, ბორჯომსა და ჩარხლისწყალთან, ხანძარმა 15 აგვისტო - 8 სექტემბრის პერიოდში, 950 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ცეცხლი რუსულმა მხარემ გააჩინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ტყის ხანძარი იყო 2017 წლის 20-31 აგვისტოს პერიოდშიც. ცეცხლი სოფელ დაბასთან გაჩნდა. ხანძარი 943 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 706 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.
საქართველოში ტყის ხანძრების საშიშროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონები. ტყეები ხანძრის საშიშროების მიხედვით ხუთ კლასად არის დაყოფილი. ყველაზე მაღალი ხანძარსასშიშროების (პირველ) კლასში შედის ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები და კულტურები. მე-2 კლასშია მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია.