გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან ბლერ მაკდუგალი თემთა პალატის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების „ძალადობრივ დარბევას“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მთავრობის პროპაგანდის მთავარი იარაღია, დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით იმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ბლერ მაკდუგალმა თემთა პალატის ლიდერს, მთავრობის წარმომადგენელ ლუსი პაუელს ამ თემაზე დებატების გამართვის შესახებ მიმართა.
„დებატებში შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „იმედი“, ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდისტული იარაღი, მუშაობს და იმართება დიდი ბრიტანეთიდან Hunnewell Partners-ის მეშვეობით. დებატებში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დადგა თუ არა დრო, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ გამოიძიოს ეს ოპერაციები ამ ქვეყნიდან პრორუსული პროპაგანდის გასატარებლად და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებისთვის“, - განაცხადა ბლერ მაკდუგალმა.
ლუსი პაუელმა ამ საკითხის წამოჭრისთვის პარლამენტის წევრს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ნორმებიდან დაშორება და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია.
„ჩვენ ვაგრძელებთ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების დაგმობას. თქვენ დააყენეთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლუსი პაულმა და ბლერ მაკდუგალს შესთავაზა ეს საკითხი ბიზნესის კომიტეტის დებატებზე წამოჭრას.
Hunnewell Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. საქართველოში Hunnewell Partners-ის აქტივებს შორისაა ლიბერთი ბანკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც.
თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. აქციების ფარგლებში სხვადასხვა საფუძვლით დაკავებულია 500-მდე ადამიანი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერა შეაჩერა, შეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ჩართულობა „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორებიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში“, - განაცხადა ელჩმა, გარეტ უორდმა.
დიპლომატის თქმით, შოკირებულები არიან იმ ძალადობით, რომელიც პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოიყენეს.