ბრიტანეთის საგარეო მინისტრი აპირებს, „ოცნების“ ლიდერების „კორუფციული საქმიანობა“ შეისწავლოს

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონების შესახებ ისაუბრეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის ამ საკითხზე შეკითხვა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ფილიპ ბრიკელმა დაუსვა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოში, პრო-რუსული პარტია ქართული ოცნების“ წამყვანი წევრები, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის პარალელურად, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, ფინანსური საიდუმლოების საფარქვეშ, თავიანთი სიმდიდრის დასამალად და დასაფარად“, – განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა.

ბრიკელმა ხაზი გაუსვა, რომ 2018 წელს „სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის აქტის” მიღების შემდეგ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა დროულად არ ჩამოაყალიბეს ბენეფიციარი მფლობელობის საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრი და ამისთვის დაწესებული ვადები კიდევ ერთხელ დაარღვიეს. 

„როგორ ფიქრობთ, როგორი გზავნილია ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის?“, – ჰკითხა პარლამენტარმა დევიდ ლემის. 

„ეს საშინელი გზავნილია. ეს ის საკითხია, რომელსაც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან კვლავ განვიხილავთ – ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამას. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს არალეგალურ ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციის გავმართავ. სწორედ ამიტომ ვთხოვე მარგარეტ ჰოჯს, მხარი დაგვიჭიროს ამ საკითხის მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაში. დეპარტამენტისგან კიდევ იქნება სიახლეები. 

მე არ ვიცი საქართველოსა და იქაური კორუფციული საქმიანობის შესახებ თქვენს მიერ წამოჭრილი საქმის დეტალები, მაგრამ ყურადღებით შევისწავლი მას და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს“, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის კომპანიების უდიდესი ნაწილი. ივანიშვილს, იანვრის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე – ვირჯინიის და კაიმანის კუნძულებზე – 95-ზე მეტი კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული, მათ შორის, “ქართუ ბანკი”, “ფონდი ქართუ”, “გალერეა თბილისი”, “აქსის თაუერსი”, “ჰაიდელბერგ ცემენტი”, “პარაგრაფი”, “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”.

2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. “საერთაშოირსო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა, უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. ამ კომპანიებზე კი დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.

გაერთიანებულ სამეფოს მთავრობამ გასული წლის დეკემბერსა და 2025 წლის აპრილში სანქციები დაუწესა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირებს - მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის. მათ შორის იყვნენ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა ბედოიძე, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე. ჩამოთვლილი პირებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ალექსანდრე დარახველიძე რჩება. ბოლო თვეებში გაათავისუფლეს გომელაური, ბედოიძე, ხარაზიშვილი, ლაგაზაური და კეზევაძე. გიორგი გაბიტაშვილი გენპროკურორობიდან გადააყენეს და გენერალურ აუდიტორად დანიშნეს. 1-ელი ივლისიდან გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ამ სამსახურის უფროსის თანამდებობა.

გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.