„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელ მზია ამაღლობელზე, რომელიც საპატიმროში 23-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია, შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.
სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ჰკითხეს, ელოდება თუ არა, რომ რაიმე პოზიტიური შედეგით დასრულდება მზია ამაღლობელის შიმშილობა, ის კითხვის ავტორი ჟურნალისტის ვინაობით დაინტერესდა.
„შიმშილობა, საერთოდ, სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ. თქვენ საიდან ხართ? ბოდიში. „ინტერპრესნიუსი“ ბოლომდე „განაცდა“ ამ ბოლო დროს, გასაგებია თქვენი კითხვა. უკაცრავად, თქვენ არ გეხებათ პირადად, შეიძლება თქვენ „ნაცი არ იყოთ“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი „კონკრეტული დავალებით მოქმედებდა“, რათა შელახულიყო პოლიციის და პოლიციელების „რეპუტაცია“ და ეს „ტრენინგებზე ნასწავლი ამბავია“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და „ქართული ოცნების“ ლიდერები წლებია აცხადებენ, რომ ტარდება ტრენინგები სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.
„ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი.
ახლა შიმშილობა რომ უნდა დააძალონ „ნაცებმა“, იქნებ მოკვდეს რამენაირადო და გამოვიყენოთ ეს ამბავიო, ეს მათი გეგმის ნაწილია. უნდა განვასხვაოთ გმირი და გარე დავალების შემსრულებელი ერთმანეთისგან. თუ მზია ამაღლობელი ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა, აზრზე არ იყო რას კადრულობდა, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონია არც ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე. ორი ვარიანტია: ან განზრახ მოქმედებდა, უშუალო დავალებით, ან უბრალოდ ისე წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად, ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?! ერთიც და მეორეც მავნებლობაა“, - თქვა მდინარაძემ.
დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და სისხლის სამართლის წესით დაჭერით ემუქრებოდა.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ ის შეღავათების მისაღებად არ შიმშილობს და ეს არის მისი პროტესტი უსამართლობაზე.
