„ფარმაცევტული მაფია არის ჩამოყალიბებული, რომელსაც აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასეთი საკითხების მოგვარების დროს არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები.
არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი, ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება.
ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონ-დაწონილი გონივრულად. არავის არ ენანება არც ერთი თეთრი და არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას“, - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტების მხრიდან დაზუსტებაზე, რომ ეს კომპანიები მათ შორის თანამშრომლობენ აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებთან, კობახიძემ აღნიშნა:
„მათ შორის არის ისეთი ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. ეს არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები“, - კობახიძემ ვერცერთი ქვეყანა ვერ დაასახელა:

„არ მინდა, ახლა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული ქვეყნები, არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. კიდევ ერთხელ, არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი და არც მილიარდი დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ - კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადად ვსაუბრობ - არ შეიძლება ზოგადად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს“.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების შეუქცევად დაზიანებას, მოძრაობისა და სუნთქვის უნარის დაკარგვას. პაციენტთა მშობლები ორ კვირაზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს მართავენ მედიკამენტების მოთხოვნით.
