2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ეტაპობრივად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ პირებს, ვისაც ის მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის ჩამოართვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
უფრო კონკრეტულად, მართვის უფლება აღუდგება პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა:
- 116-ე მუხლი – სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა;
- 123-ე – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება
- 45-ე – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება;
- 451 – მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
- 1152 – სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება.
პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 1 იანვრიდან მის ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.
„ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში - 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები, იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:
- ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
- ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
- ქულების ამოწურვისთვის — 781;
- სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
- სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.
პირს, რომელსაც მართვის მოწმობა შეჩერებული აქვს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მოტოვების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო, ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. ის ტავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.
ამასთან, კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდების და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.
„აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტულო თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება“, – განმარტა გორდულაძემ.
„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით იღებს.
