პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა დაასახელა. სააკაშვილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ივლისში ეწურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სააკაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ივლისში პარტიაში თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, პარტიაში საჭიროა არა „კოსმეტიკური“, არამედ „ძირეული“ ცვლილებები, რათა ორგანიზაციამ 2003 წლის დროინდელი ფორმა დაიბრუნოს.
„ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია - მას აქვს გამოცდილება, ენერგია და ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავდროულად, ვთავაზობ არჩევნების პროცესში ჩაერთოს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი აქვს. ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი“, - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო მოქმედი თავმჯდომარისთვის. თინა ბოკუჩავამ, რომელსაც მანდატი 8 ივლისს ეწურება, აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ბრიფინგამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო.
„მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ სულ რაღაც 6 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა მას პარტიული რეფორმების გატარებისთვის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ თავს „მენეჯერის“ ამპლუაში განიხილავს. მისი თქმით, იდეალური სცენარი თინა ბოკუჩავასთან თანამშრომლობა იქნებოდა, სადაც საგარეო მიმართულებას ბოკუჩავა ჩაიბარებდა, ხოლო თავად პარტიის შიდა პროცესებზე იმუშავებდა.
„მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა – საყველპურო.
მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ, კრიზისმენეჯერი სჭირდება.
საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია , რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება. ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად ადამიანი რომელიც ამ თემას ჩაიბარებს იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით“, - ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილი რჩება და დასძინა: „ახლა მთავარია, რომ ეს პარტია ახალგაზრდებმა გადაიბარონ. ვეტერანები ზურგს გაუმაგრებენ. ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა, მით უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა, იქნებ, აქაც იმუშაოს“.
