„ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ 189 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ კოალიციის სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მისი თქმით, „არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია“, რაც დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით, თვითმხილველების ჩვენებებით, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალებით დასტურდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებისა და ხმების სასურველი რაოდენობის მიღების მიზნით, მოქმედებდა სხვა სქემებიც, მათ შორის, კრიმინალური ჯგუფების გამოყენება ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით.

„არჩევნების დღის განმავლობაში 1131 საარჩევნო უბნიდან ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ 900-ზე მეტი შეტყობინება საარჩევნო პროცედურების დარღვევის თაობაზე. 196 უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების შემდეგი სქემა, რისთვის მზადებაც დაიწყო არჩევნებამდე:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ამ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო;
  • ვრცელდებოდა ცნობები მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების ქირავნობისა თუ სხვადასხვა გზით პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და სხვა ფორმით დამუშავების შესახებ;
  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო ვერიფიკაციის პროცესის სრულყოფილად დაკვირვება.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს სარჩევნო უბნებზე არჩევნების გაყალბების სქემა იყო შემდეგი:

  • საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი. ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებდა.
  • გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი და არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება; მარკირება, რომელიც ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმია, არ ხორციელდებოდა. ლონდა თოლორაიას თქმით, რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან;
  • კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოვებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას;

„არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა: დამატებით გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე, საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორსა და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას, ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამყალბებელს აძლევდა საშუალებას, მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა და ბიულეტენი მოეთავსებინა ელექტრონულ ან არაელექტრონულ ყუთში. გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა.

უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი.

ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და, შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება.

სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).