ჩემი ქმარი გაიტაცეს და ბავშვებზე მუქარის შემდეგ ჩააწერინეს ვიდეო - თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. ბოკუჩავას თქმით, მცირეწლოვანი ბავშვების მისამართით განხორციელებული მუქარის შემდეგ, მის მეუღლეს ჩააწერინეს ვიდეომიმართვა, სადაც ის კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, მასთან დაკავშირებით 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ, ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს ბოდიშს იხდის, მის მიერ, 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.

ჩემს მეუღლეს ჩვენს საცხოვრებელ სახლთან, სადაც ვცხოვრობთ სამ მცირე წლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს ავტომანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ადგილი. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას. მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას.

ყველას პირადი ცხოვრება პირადია, მაგრამ, ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინ, კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის. ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება. მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ყველა წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის. რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ და ამიტომ, გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით.

აქვე ვიტყვი, მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ივანიშვილთან ვითომ შერკინება, ეს არის თავისა და ხალხის მოტყუება. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი ბოდიშს უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

„გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობდა იოსელიანი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.