ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, 50 წლამდე ასაკის მუშა, ჯეირან ასლანდია გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ ვიდეომიმართვის სახით გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა 25 მარტს, ღამის 11 საათისთვის მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა, რასაც ის მაღაროში არსებულ გაუსაძლის პირობებს უკავშირებს:
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ მაღაროში არ არის განიავების ნორმალური საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას. ეს კი, შესაბამისად, აავადებს ადამიანს და იწვევს ასეთ ფატალურ შემთხვევებს“, - ამბობს მიქაცაძე.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯეირან ასლანდია აფხაზეთიდან დევნილი იყო და 90-იანი წლებიდან ჭიათურაში, მუშათა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ის ორი შვილის მარტოხელა მამა იყო. გასული წლის ნოემბერში მას მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა (თბილისში სამუშაოდ წასულს ავტომობილი დაეჯახა).
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ (CMC) განცხადებით, შემთხვევა შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ მოხდა.
კომპანიის განმარტებით, როდესაც დასაქმებულები მაღაროს ზედაპირზე ამოსასვლელად სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომას ელოდნენ, ჯეირან ასლანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა. კომპანია აღნიშნავს, რომ „მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჭიათურასა და საჩხერეში, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების 40-წლიან ლიცენზიას 2007 წლიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“.
2017 წლიდან სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველი იმ საბაბით დანიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოეწვია. თუმცა, რეალურად ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა.
2025 წლის აპრილიდან ჭიათურის მაღაროების მართვა რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკიმ გადაიბარა, რომელმაც 2 ათასამდე მაღაროელი სამსახურიდან გაათავისუფლა. სოცკი, პარალელურად, ტყიბულში „საქნახშირის“ დირექტორიცაა. ტყიბულელი მეშახტეების გამოცდილება აჩვენებს, რომ მისი მმართველობის პირობებში ადმინისტრაცია სისტემატურად ცდილობს საწარმოო შემთხვევების მიჩქმალვას. მეშახტეების თქმით, დაშავებულები საავადმყოფოებში ხშირად პირადი ტრანსპორტით გადაჰყავთ, რათა თავიდან აიცილონ სასწრაფო დახმარების გამოძახება და ინციდენტის ოფიციალური დაფიქსირება.
