ჩიქოვანი: საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება

კითხვაზე, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება“ ჰყავდა. ჩიქოვანმა ჯერ უარყო, შემდეგ კი მოუწია დაედასტურებინა, რომ 2008 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას“ წარმოადგენდა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს უმძიმესი დღეა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. 17 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, ის საქართველოს შვილები, რომლებიც... მათ დაიცვეს საკუთარი სამშობლო და საკუთარი სამშობლოსთვის გაიღეს ყველაზე უფრო მეტი - საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ - როგორც მთლიანად თავდაცვის ძალები, თავდაცვის სამინისტრო, მეც პირადად - გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ყველანაირად მათ ოჯახებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რის შემდეგაც მასსა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს შორის დიალოგი გაიმართა:

ჟურნალისტი: თქვენც ფიქრობთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ბატონო ირაკლი?

ირაკლი ჩიქოვანი: აქ განისვენებენ ადამიანები, ვაჟკაცები და გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება.

ჟურნალისტი: თქვენც ხომ წარმოადგენდით სახელმწიფოს?

ირაკლი ჩიქოვანი: არა. გეშლებათ.

ჟურნალისტი: დიპლომატი არ იყავით?

ირაკლი ჩიქოვანი: დესპანი ვიყავი, დიახ.

ჟურნალისტი: თქვენ საქართველოს წარმოადგენდით 2008 წელს, იყავით სახელმწიფო სამსახურში. ახლა არ გეუხერხულებათ თქვენი კოლეგები რასაც საუბრობენ? საქართველო თავს არ იცავდა 2008 წელს? თქვენ სახელმწიფოს ხომ წარმოადგენდით?

ირაკლი ჩიქოვანი: დიახ, დიპლომატი ვიყავი. ყოველ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში, სადაც მიმუშავია, სადაც მიმოქმედია, მიმოქმედია ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ჟურნალისტი: თქვენ ხომ ჩართული იყავით პროცესებში, ბატონო ირაკლი. ძალიან მძიმე ბრალდებებს ვისმენთ თქვენი კოლეგებისგან...

ირაკლი ჩიქოვანი: თქვენ რაღაც ჭორაობაში გადადიხართ და ამაზე საუბარი არ მინდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ირაკლი ჩიქოვანი ჯერ თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ უშიშროების საბჭოში მუშაობდა, შემდეგ კი დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლა. 2007 წელს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას მოადგილედ დაინიშნა. ჩიქოვანი თანამდებობიდან 2009 წელს გადადგა, რის შემდეგაც ალასანიასთან და პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ეკავა პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია. 2011 წელს „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ კოალიციას შეუერთდნენ და 2012 წელს პარლამენტში შევიდნენ. 2014 წელს ირაკლი ჩიქოვანი ალასანიასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში იყარა კენჭი, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თუმცა დამარცხდა და მოგვიანებით პარტიაც დატოვა. ჩიქოვანი პილიტიკაში 2018 წელს დაბრუნდა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.