ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გუშინ, 31 აგვისტოს შეხვდა, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება იქნა მიღებული.
განცხადებაში სომხეთი ადასტურებს თავის მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ, აღიარებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს. განცხადების თანახმად, სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ნებისმიერ ფორმას და მხარს უჭერს ჩინეთის ძალისხმევას ეროვნული გაერთიანებისთვის.
ჩინური მხარე მხარდჭერას უცხადებს სომხეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას, ასევე, სომხეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო დღის წესრიგს და მიესალმება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას.
„მხარეები მიიჩნევენ, რომ კონფრონტაციის შენარჩუნებისკენ მიმართული გეოპოლიტიკური ინტრიგები არანაირ სარგებელს არ მოიტანს და ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ახალი ესკალაციის პროვოცირებას ახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთი და ჩინეთი გამოთქვამენ მზადყოფნას, გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გამართონ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და გააფართოვონ კონტაქტები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
ასევე, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააძლიერონ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და დიდად აფასებენ ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმს, რომელიც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ტურიზმის განვითარებას, აძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს და აფართოებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კავშირებს.
„ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების გახსნა დამატებით სტიმულს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩინური მხარე მხარს უჭერს სომხეთის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მიესალმება სომხური მხარის სურვილს, გააძლიეროს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
თავის მხრივ, სომხური მხარე მხარს უჭერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფო საზღვრების დაურღვევლობა, ურთიერთთავდაუსხმელობა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა და საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობა.
„ეს პრინციპები ასევე სომხეთის სამშვიდობო დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს დამყარებული საქართველოსთან და აზერბაიჯანთანაც.
