„პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი“, - „ქართული ოცნების“ პარლამენტში ირაკლი კობახიძისადმი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის ამ მიმართვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სხდომათა დარბაზში მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის გამოსვლის პარალელურად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ხელაძე გახარიას თანაპარტიელს გიგა ფარულავას ხმამაღლა ესაუბრება, რის შემდეგაც მალევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფარულავასა და ხელაძეს შორის დაწყებულ კონფლიქტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ. კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ფარულავას დაარტყა, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. კონფლიქტში მონაწილეობდნენ ვარლამ ლიპარტელიანი, ვასილ ჩიგოგიძე და ლევან მაჭავარიანიც. ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს – გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას.
დაპირისპირება ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დარბაზიდან აკვირდებოდნენ. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
„ეს იყო ველურობა. მათ არ აქვთ უნარი, მოისმინონ განსხვავებული აზრი. საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად მზად არიან, ფიზიკურად იძალადონ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. სამართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ახლა გამოჩნდება რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები არიან.
პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მოძალადე დეპუტატებს, არამედ დარბაზში მყოფ პრემიერ-მინისტრსაც ეკისრება. პრემიერი რომ ზის დარბაზში, იმის ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე კომენტარი გააკეთოს? სკამიდან არც კი ამდგარან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ირაკლი კობახიძემ მომხდარს სამწუხარო უწოდა, თუმცა პასუხისმგებლობა გახარიას გუნდს დააკისრა: „ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე - კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით. ეს მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად“,- განაცხადა კობახიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელ პირებს როგორც პროფესიული, ისე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ:
„დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი „ქოცური“ „ზონდერული“ დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ.
ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანია ჩვენთვის, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები „ქოც ზონდერებად“ აქცია. ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.
ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი; რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს „ნაცების“ გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან. შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმი“, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძის მთავრობა მოძალადე მთავრობად“.
