პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა, ხუთჯერ მეტი ადამიანი იყო გამოსული, ვიდრე საპროტესტო მიტინგებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს არწმუნებს რაღაცაში და შემდეგ ისინი გამოდიან ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა, მაგრამ პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ მიიღოს ან არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას. ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური უმრავლესობის მიერ.
რაც შეეხება რაოდენობას, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე იყო დაახლოებით 5-ჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე.
ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს მაგალითად, „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომლებიც გაიმართა ერთი უმრავლესობისა და მეორე პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით“, - კობახიძემ კიდევ ერთხელ მოიხმო გაურკვეველი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და თქვა, რომ რუსულ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი.
„გამჭვირვალობას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი. ასეთ დროს პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის, ჩემი აზრია, ირაციონალური განწყობის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
რუსული კანონის წინააღმდეგ ერთი თვეა თბილისში მრავალათასიანი უწყვეტი დემონსტრაციები იმართება. გაფიცულია სტუდენტების უმრავლესობა. ისინი აუდიტორიებში არ შედიან და ყოველდღიურად საპროტესტო მარშებს აწყობენ.
ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიამ შენიშვნები 28 მაისამდე წარადგინოს.
„პროცედურა არის ასეთი, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი და მეორე ალტერნატივა არის - მიღებული კანონპროექტი, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა, ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ, ჯანსაღი მსჯელობისთვის. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც აგზავნიდა ხოლმე ესა თუ ის სუბიექტი ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს და ერთ კვირაშიც კი გამოუგზავნიათ დასკვნა. ამ კანონზე დასკვნის წარმოდგენას არაფერი არ უნდა არის რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი და შეუძლიათ, რამდენიმე დღეში დაწერონ ეს დასკვნა. წარმოადგინონ, განვიხილავთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული. მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.