CPJ: ავტორიტარული „ოცნების“ ხელში FARA-მ შეიძლება გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების გამო „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამერიკული ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც დიდი ალბათობით, აპრილში უკვე კანონის სახეს მიიღებს, ეგზისტენციალურ საფრთხეს მნის საქართველოს დამოუკიდებელი პრესისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას.

სულ უფრო ავტორიტარული მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ხელში, FARA-ს მეტისმეტად ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება გაანადგუროს დონორების იმედად მყოფი საქართველოს დამოუკიდებელი პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები.

საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას „უცხოური აგენტების“ კანონის ნებისმიერ ფორმაზე“, - ამბობს გულნოზა საიდი, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, მედია ჯგუფები შიშობენ, რომ კანონპროექტს, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) „ზუსტ ასლს“ უწოდებენ, საქართველოში უფრო სადამსჯელო გამოყენება ექნება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, სადაც ის იშვიათად გამოიყენება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიმართ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა FARA-ს „სიტყვა-სიტყვითი“ თარგმანი პირველი მოსმენით 4 მარტს მიიღო და როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, დაგეგმილი აქვთ მხოლოდ აშშ-სთვის სპეციფიკური ტერმინოლოგიის საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოზე მორგება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია ჩახუნაშვილმა CPJ-ს უთხრა, რომ გარდა ასეთი ადაპტაციებისა, მეორე მოსმენის დროს კანონპროექტში არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა და შეუძლებელია არსებითი გადასინჯვა მოხდეს საბოლოო მოსმენის დროს, რომელიც 4 აპრილამდეა მოსალოდნელი.

„ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქართული FARA-ს მიღება აუცილებელია, რადგან უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები „უარს ამბობენ რეგისტრაციაზე“ ქვეყანაში 2024 წლის მაისში მიღებული უცხოელი აგენტების კანონის საფუძველზე და საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები.

FARA-ს კანონპროექტი ითვალისწინებს მაქსიმალური სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მისი შეუსრულებლობისთვის, ასევე ჯარიმებს. [...] FARA ასევე გააფართოვებს კანონის ფარგლებს ორგანიზაციების მიღმა, ინდივიდებზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ საინფორმაციო საშუალებებს მოსთხოვონ, თავიანთი პუბლიკაციები მონიშნონ როგორც  უცხოური აგენტის მიერ წარმოებული.

ანალიტიკოსების თქმით, ქართულ კანონპროექტს აკლია „სამართლებრივი გარანტიები და არაპარტიული აღსრულება“, რომელიც შეერთებულ შტატებში არსებობს და ის შესაძლებელს გახდის „სწრაფ და ძლიერ ზეწოლას“, -  ნათქვამია CPJ-ის განცხადებაში.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კომენტარისთვის „ქართულ ოცნებას“ ელექტრონული ფოსტით მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.