შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა არასრულწლოვანი, რომელიც 15 სექტემბერს, საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშის მონაწილეებთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
შსს-ს განცხადებით, იარაღი, რომელიც 2009 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ჰქონდა, სავარაუდოდ, პნევმატური პისტოლეტია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიმავალ მარშს ფილარმონიასთან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი აედევნა. როგორც მარშის მონაწილეები ამბობენ, ჯგუფის წევრები მათ მიმართ აგრესიას ავლენდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
„პოლიციამ ხელის კვრით გაგვწი-გამოგვწია ორივე მხარე და ეს ჯგუფი როდესაც დაიძრა ბესიკის ქუჩის მიმართულებით, მისმა რამდენიმე წევრმა შეიგინა. რომ ავყევით, ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შევიდა კაფეში. შევყევი, ვის აგინებდი-თქო და ამ დროს, გასასვლელი რომ არ გამოუჩნდა, კედელთან დადგა, ამოიღო იარაღი, მომიშვირა, მერე სხვას მიუშვირა. დავჭირეთ, წავართვით იარაღი, გამოვიყვანეთ გარეთ და ჩავაბარეთ პოლიციას“, – განაცხადა საპროტესტო მარშის ერთ-ერთი მონაწილემ, ლევან ჯობავამ.
პოლიცია, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ლევან ჯობავას კაფეში ამყოფებდა და გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდა. მოგვიანებით მასთან ადვოკატი შეუშვეს. ლევან ჯობავა მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდა.
