„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. მათ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. შსს-ს განცხადებით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები გვიან ღამით დააკავეს - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ხოლო პაატა ბურჭულაძე - კლინიკა „ჰელსიკორში“. ყოფილი საოპერო მომღერალი კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა.
„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს - „მამაკაცური ძალას“ - ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისკენ დაძვრისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა იქ ღობე გაარღვიეს. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის, რაც რეზიდენტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია და „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 225-ე და 222-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმახ, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
