პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას დედას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
„დღეს რაც მოხდა, არის არაადამიანობის გამოვლინება და ბოროტების კიდევ ერთი აქტი ჩადენილი „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ, როდესაც პოლიტპატიმრის, ანასტასია ზინოვკინას მოხუცი დედა, რომელიც მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ თავის პატიმრობაში მყოფ შვილთან დაჯავშნილ პაემანზე ჩამოფრინდა, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს“, - უთხრა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს.
ადვოკატის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლებმა ზინოვკინას დედას ჯერ განუმარტეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი მის აქციებზე ყოფნას და 3 მარტს, „დედების მარშის“ დღეს დაკისრებულ ჯარიმას უკავშირდებოდა, თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითეს, რომ „არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებები“, რის გამოც საზღვარს ვერ გადმოკვეთს.
„აღსანიშნავია, რომ მას არ ჩაბარებია ჯარიმის არავითარი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, დღესვე მოითხოვა ჯარიმის ჩაბარება, თუმცა საზღვარზე ამაზეც უარი განუცხადეს. გარდა ამისა, ქალბატონმა მესაზღვრეებს შესთავაზა, რომ ჯარიმას გადაიხდიდა - პირადად ან საქართველოში მყოფი მეგობრების მეშვეობით, რაზეც უთხრეს, რომ იგი გარკვეულ ბაზაშია მოხვედრილი და საქართველოში ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოუშვებდნენ“, - ამბობს თუთბერიძე.
რუსეთის მოქალაქე 31 წლის ანასტასია ზინოვკინა, 24 წლის არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის გასაღების მიზნით ფლობას ედავება. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ზინოვკინა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო. მათივე განცხადებით, ეს ფაქტი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მათ დასჯას ისახავს მიზნად.
საქართველოში ჩამოსვლამდე, 2012 წლიდან, ანასტასია ზინოვკინა რუსეთში აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში და ამის გამო არაერთხელ იყო დაკავებულიც.
ზინოვკინამ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პოლიციელების მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაზეც. მისი თქმით, დამკავებელი პოლიციელი სასქესო ორგანოზე იდებდა ხელს და ეუბნებოდა, რომ თუ ანასტასია გაინძრეოდა, მას „სხეულის ამ ნაწილით დასჯიდა“.
თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე და ანტიპუტინისტური აქციების მონაწილე ანტონ ჩეჩინი. ის 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
