დაპირისპირება სასამართლოში: სააკაშვილმა ნოღაიდელს პუტინთან ჩასვლის გამო მოღალატე უწოდა

7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, სადაც მოწმის სახით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იკითხებოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მოწმეს შორის მძიმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილმა ნოღაიდელს რამდენიმე მწვავე კითხვით მიმართა, რაც შეეხებოდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ადგილს, ბადრი პატარკაციშვილის კავშირებს რუსეთთან და თავად ნოღაიდელის ვიზიტებს მოსკოვში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი თუ არა, რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან? [...] პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – მიმართა სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ პატარკაციშვილი რუსეთიდან დევნილი იყო.

ამასთან, სააკაშვილი დაინტერესდა და ნოღაიდელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ „ტვ იმედი“ შეიქმნა რუსული ფულით,“ რაზეც მოწმემ თქვა, რომ „შეიძლება კი“.

განსაკუთრებული დაპირისპირება მოჰყვა ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტების თემას:

„პუტინთან იყავი თუ არა მოსკოვში? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო... ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს,“ – განაცხადა სააკაშვილმა და დარბაზი დატოვა.

მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბრალი „ფარცხალაძის მიერ არის შეთითხნილი“. მან დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მისი კომპეტენცია იყო, თუმცა უარყო ჯარის ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად გამოყვანა: „ჯარი იყო, რათა მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია“.

სასამართლო პროცესზე ნოღაიდელმა სააკაშვილს რამდენჯერმე მიმართა რეპლიკით: „დაეგდე მანდ“. სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას მან ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა.

ზურაბ ნოღაიდელი

„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! არ უნდა ეფორთხა... მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი. ღირსეული არ იყო,“ – განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, თუ რატომ ხვდებოდა პუტინს (რაც სასამართლოზე დააზუსტა, რომ 4-5-ჯერ მოხდა), მან უპასუხა, რომ საუბარი ეხებოდა „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს“. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა დალაგდეს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოება ამ ვიზიტებს ღალატად აღიქვამს.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებას ედავება. ბრალი წარდგენილია 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.