საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მომიტინგეებისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია მათ მიმართ პროპორციულ ძალას იყენებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
- 5 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 6 საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა აქციების დროს დაკავებული 200-ზე მეტი ადამიანი მოინახულეს. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მათი „მნიშვნელოვანი ნაწილი“ მიუთითებს პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. იოსელიანი პირადად შეხვდა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ დაზარალებულებს, რის შემდეგაც თქვა, რომ ყველა მათგანი თავის არეშია ნაცემი.
„მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, აქციებში მონაწილეობა არ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობის დაკარგვის რისკთან. ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ძალადობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სისხლის სამართლის წესით 5 პირია დაკავებული, ხოლო ადმინისტრაციული წესით - 293.
მხოლოდ 2 დეკემბრის საპროტესტო აქციიდან გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში 26 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 23 აქციის მონაწილე იყო.
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და განაცხადა, რომ პოლიციელები „ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით“ მოქმედებენ.
